ვინ შეიძლება იყოს მამხილებელი?
მამხლიებელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე ან ყოფილი საჯარო მოსამსახურე.

რა შეიძლება ამხილოს მამხილებელმა?
საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევა, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.

რა სახის სამართლებრივი შეზღუდვა არსებობს მხილების ფაქტთან დაკავშირებით?
მამხილებელი დაცვის გარანტიებით სარგებლობს განურჩევლად იმისა, მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია სწორია თუ მცდარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია მცდარია, რაც მამხილებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას შეეძლო გადაემოწმებინა მხილებისათვის საჭირო ინფორმაციის სისწორე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ამ ინფორმაციის გადამოწმებისთვის აუცილებელი ყველა შესაძლო ზომა მიიღო და მისი მცდარობა მაინც ვერ დაადგინა;
ბ) მამხილებელი მოქმედებს თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სპეციალური ჯილდოს მიღების შემთხვევისა;
გ) მამხილებელი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მხილების ფაქტობრივი გარემოებები საჯაროდ ცნობილია ან ცნობილია განცხადების განმხილველი ორგანოსთვის.

რა სახის სამართლებრივი დაცვის გარანტიებით სარგებლობს მამხილებელი?
მამხილებელი დაცულია შემდეგი ქმედებებისგან:
დისციპლინური ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მხილების ფაქტთან დაკავშირებით;
სამსახურიდან გათავისუფლება, უფლებამოსილების დროებით შეჩერება, დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა;
უარის თქმა სხვა თანამდებობაზე გადაყვანასა ან დაწინაურებაზე;
არათანაბარი სამუშაო პირობების, შესაძლებლობებისა და დაცვის გარანტიების შეთავაზება.